არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები არ გამოუთქვამს
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც რელიგიურ თავისუფლებასა და უფლებებზეა საუბარი.
არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ამ დრომდე სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყანაში რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები არ გამოუთქვამს.
„ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განვიხილეთ დემოკრატიის სფეროში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს წინსვლა როგორც თავისუფლებების, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული კრიტიკული შენიშვნები გამოთქმული რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ტოლერანტული კულტურა არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში მოყვება და სახელმწიფო განსაკუთრებით უფრთხილდება, რომ რელიგიის თავისუფლება ქვეყანაში იყოს დაცული. მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს დიალოგი კონფესიებთან და ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, შესაძლებელია, რომ ამ ფორმატში იყოს განხილული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.