არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის ხელისუფლებაზე, მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა თავდასხმა, თავდასხმები თუ ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, ის გადააბრალონ მმართველ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა თავდასხმა აშშ-ის ხელისუფლებაზე ან მის წარმომადგენელზე.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამერიკის ხელისუფლებაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი, რა თქმა უნდა, გამორიცხულია მომავალშიც. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის ძალიან ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფები ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა და ყველას გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაშიც, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, ის გადააბრალონ მმართველ პარტიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.