არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არჩილ თალაკვაძემ და ჰიუ ოქინკლოსმა COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი – პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება.