საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა განათლების, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის.
„გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები, რაშიც გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პარტნიორობა. მათ შორის არის უსაფრთხოების სფერო, განათლების სფერო, ასევე პოლიტიკური პროცესების დემოკრატიზაცია, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია, ეკონომიკური კავშირები და ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე კიდევ როგორ შეიძლება გაღრმავდეს და განვითარდეს უკვე არსებული ურთიერთობები. მართლაც, ძალიან დიდ ხნის მანძილზე ვთანამშრომლობთ და ბევრი რამ გაკეთდა და მიღწეული პროგრესი არის საკმაო , თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დღევანდელი შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებაზე და გამყარებაზე“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა.
„ძალიან პოზიტიური გაცნობითი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე, რომელიც ამერიკელებს და ქართველებს გვაქვს. ელჩს გავაცანი ხედვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გვაქვს, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი არაერთი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს საქმე და კიდევ უფრო მეტი შედეგი ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც აქვს ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი დემოკრატია და უსაფრთხოება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რა თქმა უნდა მომავალშიც, ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ურთიერთობები და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მიმდინარე საკითხები, პრობლემები, გამოწვევები რაც არსებობს, ოკუპაციის თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული საკითხების სახით, ეს ყველაფერი გადაჭრადია, ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ გვაქვს ხედვა თუ როგორ გადავჭრათ ეს საკითხები და დარწმუნებული ვარ თებერვალში ჩვენ შევძლებთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.