არჩილ თალაკვაძე - არის ძალიან ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება მთავრობის ქმედით გადაწყვეტილებებს
არის ძალიან ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება.
„საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. საქართველოს ჰყავს განახლებული მთავრობა. არის ძალიან ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, ადგილზე პრობლემების მოგვარებას და ჩვენი მოლოდინი და საზოგადოების დავალებაც სწორედ ეს არის მთავრობის და ხელისუფლების მიმართ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და საქმე, რომელიც რჩება, გაკეთდეს დროულად და ეფექტურად.
როგორც ნახეთ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება სწორედ ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება. პარლამენტს აქვს ძალიან დატვირთული განრიგი საშემოდგომო სესიაზე, იმ მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, რომლის გაკეთებასაც მთავრობა შეეცდება და განახორციელებს, პარლამენტსაც აქვს ძალიან დატვირთული განრიგი. ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმები გვაქვს წინ, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას და დაეხმარება ხელისუფლებას, მთავრობას, რომ ეს ამოცანები ეფექტურად გადაწყვიტოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.