არჩილ თალაკვაძე - არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში
არჩილ თალაკვაძე - არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში

ცხადია, შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა საზოგადოებისა და მოქალაქეების მხრიდან, ამ დემარშით მათ სცადეს, რომ დაეფარათ ამ მხარდაჭერის ნაკლებობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს არ აქვს ქვეყნის შიგნით საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერას ეძებენ პროვოკაციებში, ლობისტებში და იმ სივრცეში, რომელიც, სინამდვილეში, შიდა პოლიტიკისთვის და საქართველოში ქვეყნის შიგნით არჩევნების ჩატარებისთვის არ არის განკუთვნილი.

„ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. არჩევნებზე მოვიდა მეტი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ ჰყავდა თავისი კანდიდატები, არ იყო დაძაბული კონკურენცია. ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა ასევე იმ კვლევების შედეგები, რომელიც „აირაიმ“ წარმოგვიდგინა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური გადასხმები კვლევების სახით არ შველის და, რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაანაცვლებს ჩვენი მოქალაქეების ხმებს. ვურჩევ, რომ პოლიტიკურ კალენდარს კიდევ ერთხელ გადახედონ, გადახედონ კონსტიტუციით და რეგლამენტით, რა არის მათი ფუნქცია, ოპოზიციის ფუნქცია, ოპონირების რეჟიმს დაუბრუნდნენ და ასევე დაუბრუნდნენ სამზადისს არა რიგგარეშე, არამედ რიგითი არჩევნებისთვის. მათი განცხადებები მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია, არ აქვთ დღის წესრიგი, ყოველდღიური მიმდინარე თემებით ცდილობენ, დარჩნენ პოლიტიკის ზედაპირზე, მაგრამ სინამდვილეში ისინი უკვე არიან პოლიტიკურ ოფსაიდში და დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ ადგილს დაიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც მცირე და ახალი პარტიები, რომლებსაც უკეთ აქვთ გააზრებული საკუთარი ფუნქცია და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.