არჩილ თალაკვაძე - პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულზე საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით და განახლებული წესებით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, არჩევნები კონკურენტულად და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.
თალაკვაძის განმარტებით, ოქტომბრის არჩევნები 2024 წლის მოდელით რომ ჩატარებულიყო, პარლამენტში მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი.
„არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მიღებული ცვლილებების მართებულობა – ვიმეორებ, პირველად, უახლეს ისტორიაში, საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიპოვა. უფრო მეტიც, ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა. პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული.
მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მათ მხარი დაუჭირეს წარმომადგენლობით და პლურალისტულ პარლამენტს. სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას და საქმიან პოლიტიკას. მხარდაჭერა, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ხაზს ვუსვამ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, საკმარისია მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
მეტიც – ამისთვის ის შედეგიც კი სრულიად საკმარისია, რომელსაც ოპონენტები საკუთარ სუბიექტურ დათვლებში უწერდნენ „ქართულ ოცნებას“. მარტის პოლიტიკური დიალოგის დროს, ოპოზიცია აცხადებდა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის 41%-ის მხარდაჭერას მიიღებდა, ისინი ჩათვლიდნენ, რომ პარტიამ უმრავლესობა და მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ვინც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, ეს განცხადებები ძალიან კარგად ახსოვს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ჩვენ ჩავწერეთ კანონში რეგულაცია ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შესახებ“, – განაცხადა თალაკვაძემ.