არჩილ თალაკვაძე - არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, ამაზე ტოლობის ნიშნების დასმა წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს
სიმართლე ჩვენს მხარესაა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, შესაბამისად, ამაზე რეზოლუციის აგება და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მყოფი განცხადება.
„სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში. კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.