არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ უფლებას, წინასაარჩევნო კამპანიას დისკრედიტაცია გაუწიოს და ძალადობის აქტებით სცადოს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს
ჩვენი გუნდის ინტერესებში არ შედის ასეთი ტიპის ინციდენტები და კამპანიის გადაფარვა ასეთი ძალადობით, ეს არის იმ ადამიანების ინტერესებში, ვისაც არ აქვს სამართლიან არჩევნებში გამარჯვების იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ ვის ინტერესებში შედის დღეს ასეთი პროვოკაციების მოწყობა.
„საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ ვის ინტერესებში შედის დღეს ასეთი პროვოკაციების მოწყობა. ჩვენს გუნდს აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, გვაქვს პოზიტიური კამპანია, გვაქვს ბევრი საქმე გაკეთებული და ასევე გეგმა იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ წინსწრებით დასკვნების გაკეთება გსურთ, ადვილია დასკვნის გამოტანა, თუ ვის ინტერესებში შედის ასეთი პროვოკაციები და ეს არის მხოლოდ ჩვენი ის ოპონენტები განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვისი ხელწერაც იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი ინციდენტების მოწყობა და ძალადობა. თუმცა მე მაინც გირჩევდით, რომ დაელოდოთ გამოძიებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები და საჩივრები გააჩნიათ, მიბრძანდნენ და მიმართონ შესაბამის ორგანოებს, ჩვენი პოლიტიკური ნება არის თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, წინასაარჩევნო კამპანიას დისკრედიტაცია გაუწიოს და ძალადობის ასეთი აქტებით სცადოს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპონენტები პროგრამების წარდგენის ნაცვლად, არიან ჩართულნი პროვოკაციებში.
„გამოძიებას აქვს თავისი ვადები, კანონით გაწერილი. როდესაც საჭიროა სწრაფი და დაუყოვნებელი რეაგირება სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რომ იმოქმედონ და ასეც მოხდა ამ შემთხვევაში. ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით მიაყენონ ჩრდილი წინასაარჩევნო კამპანიას. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები პროგრამების წარდგენის ნაცვლად, კანდიდატების წარდგენის ნაცვლად, არიან ჩართულნი ასეთ პროვოკაციებში. მაინც გირჩევთ, თავი შევიკავოთ ყველამ წინასწარი შეფასებისგან. ამას დაადგენს გამოძიება, თუმცა მინდა გითხრათ, ხელისუფლებისა და ჩვენი გუნდის ინტერესებში ასეთი ტიპის ინციდენტები და კამპანიის გადაფარვა ასეთი ძალადობით ნამდვილად არ შედის. ეს არის იმ ადამიანების ინტერესებში, ვისაც არ აქვს იმედი სამართლიან არჩევნებში გამარჯვებისა და რაიმე შედეგის მიღების“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.