არჩილ თალაკვაძე - არავის მიეცემა უფლება, მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე საშუალებით დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არავის მიეცემა უფლება, მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე საშუალებით დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
„შსს-ს ასევე ევალება, რომ სადაც არსებობს შესაძლო დაპირისპირების, ფიზიკური კონფრონტაციის რისკები, იქ მიიღოს პრევენციული ზომები და არ დაუშვას დაპირისპირება. მინდა ყველა მხარეს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა, ვინაიდან საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს უპირატესი ინტერესია უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები“,- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ გარანტიებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელიც ვალდებულებას შეასრულებს, თუმცა არჩილ თალაკვაძის აზრით მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა აიღონ სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც.
„ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ დღეს არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის ეგიდით ცდილობს თავისი ზოგჯერ აგრესიული მოქმედებებიც გაამართლოს სწორედ ამ მოტივით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს პატრიოტიზმი, საქართველოს ინტერესები არის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის უზურუნველყოფა. თუ ვინმეს სხვანაირად ესმის თავისი ქვეყნისთვის თავდადება და თავისუფლების იდეის დაცვა ან პატრიოტიზმი, ვურჩევ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას. თუ არა და ამ ფილოსოფიას გადახედავს საზოგადოება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.