არჩილ თალაკვაძე - არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება
არჩილ თალაკვაძე - არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება

არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას. სტაბილური და ქმედითი პოლიტიკური სისტემა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებშია. შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღება მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია.

მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მით უმეტეს, თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს. ამგვარი სპეკულაციები შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას. ცხადია, ეს შედის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი დესტრუქციული ჯგუფების ინტერესებში და მიმართულია დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ“, – აცხადებს თალაკვაძე.