არჩილ თალაკვაძე - არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე
ყველაფერი, რაზეც შეთანხმება შედგა, არის ასახული დოკუმენტის ტექსტში – ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე. ეს არ და ვერ იქნებოდა შეთანხმების საგანი, რადგან წინააღმდეგობაშია კანონის უზენაესობის პრინციპებთან. ასეთი შეთანხმების ნაწილი ვერც ხელისუფლება და ვერც ელჩები ვერ იქნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ეს შეთანხმება იყო პოზიტიური შედეგი ყველა მხარისათვის, მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება ყველა მხარემ შეასრულოს. ჩვენი მოთხოვნაც და მიმართვაც ოპოზიციისადმი არის ეს, რომ ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელმოწერილი პირობა ამ პროცესში. „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ შეთანხმებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია, და მართლმსაჯულება კი პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. პარტიებს, მათ ლიდერებს აქვთ წვდომა მედიაზე, აქვთ ოპონირების და კამპანიის ჩატარების საშუალება.
„პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებით არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც ეკისრება – მათი ვალდებულება არის, ხმა მისცენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი ემუქრებიან საზოგადოებას ჩაგდებით და მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ ჩარევას ითხოვენ, რაც უკვე ეწინააღმდეგება და არღვევს შეთანხმებას. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, საკონსტიტუციო ცვლილებები მოვამზადეთ როგორც შევთანხმდით და ინიცირებულია, ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობაზე და მართლმსაჯულება პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან ერთად აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და სასამართლოს ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ მისცემს დავალებას, ვინმე გაათავისუფლოს ან ვინმე დააპატიმროს.
„ჩვენი პოზიცია ძალიან გამართულია და თანხმობაშია კონსტიტუციასთან, დემოკრატიის იმ ძირითად პრინციპებთან, რასაც ჩვენ ყველა ვიცავთ და უნდა ვიცავდეთ. ჩვენ აზრით, სასამართლოს და მართლმსაჯულებას პოლიტიკურ დავალებას ვერ მისცემს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ვერც პარლამენტი და ასეთ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ. ჩვენ ვერ ვეტყვით სასამართლოს და პროკურატურას, რომ რომელიმე ადამიანი დარჩეს პატიმრობაში ან გათავისუფლდეს, ასეთ გადაწყვეტილებას ეს ინსტიტუტები თავად იღებენ და მიიღებენ მომავალშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.