არჩილ თალაკვაძე - არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას, ეს არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა
არჩილ თალაკვაძე - არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას, ეს არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციულ ქმედებას ქონდეს ადგილი და რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამასთან, თალაკვაძის თქმით, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის.

„მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასერიოზულია.

„თუ ვინმე თავისი ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ერთ-ერთი უპირველესი პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე, ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, რომ ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არასერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.