არჩილ თალაკვაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან
ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, კავშირზე ვართ ოჯახებთან, ჩართულია ყველა უწყება, საერთაშორისო მექანიზმები, ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის ფედერაცია, დე ფაქტო რეჟიმთან ერთად, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, რომელშიც, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა და უპრეცენდენტო გამარჯვების მოპოვება შეძლო.
„შეკითხვაზე, თუ ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ – ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, მათ შორის, დღევანდელი ფაქტები, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაზეც, რასაკვირველია, ჩვენ მივმართეთ ყველა ზომას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.