არჩილ თალაკვაძე - აპელირება იმაზე, თითქოს დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აპელირება იმაზე, თითქოს ბიულეტენებში დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი.
ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„იყო ბიულეტენების გატანა მათი აქტივისტების მხრიდან, რაც დისბალანსს იწვევდა უბნებზე. ეს იყო ხელმოწერების არგაკეთება შეთანხმებულად, რაც შემდგომ აპელაციის საშუალებას აძლევდა, რომ თითქოს იყო გაყალბება. იყო ბევრი სხვა მოქმედება, რომელიც წინასწარ შევატყობინეთ საზოგადოებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვაზე – დისბალანსი იყო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ბიულეტენები გაიტანა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „სავარაუდოდ, დისბალანსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ეს იყო“.
„ჯამში, უბნები, სადაც დისბალანსი იყო, არ აღემატება მნიშვნელოვნად იმ რაოდენობას, რომელიც წინა არჩევნებზე იყო. შესაბამისად, აპელირება იმაზე, თითქოს დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.