არჩილ თალაკვაძე - ანდრო ბარნოვის განცხადება მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს აღარ სჯერა „ნაციონალური მოძრაობის“, მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მათი ამომრჩეველთა დიდ ნაწილს აღარ სჯერა ამ პარტიის, მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ანდრო ბარნოვის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ანდრო ბარნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ენმ საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს“.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ადგილს, რომლის სავარძლებიც პარლამენტში არის მუდმივად ცარიელი სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ, რომლებსაც ექნებათ მეტი პასუხისმგებლობა თავის ამომრჩევლებთან.
„შემთხვევითი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი გულმხურვალე მხარდამჭერი, ასეთ განცხადებას აკეთებს. უკვე სხვა მხარდამჭერებიც აკეთებენ ასეთ შეფასებებს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მათი ამომრჩეველთა დიდ ნაწილს აღარ სჯერა ამ პარტიის, მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, არის დიდი იმედგაცრუება იმ ამომრჩევლებშიც კი, ვინც მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი მთავარი ოპოზიციის ადგილს, რომლის სავარძლებიც პარლამენტში არის მუდმივად ცარიელი, სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ, რომლებსაც ექნებათ მეტი პასუხისმგებლობა თავის ამომრჩევლებთან. ეს ადამიანები რასაც ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ძალიან ახლოს არის სიმართლესთან. შიგნით მიმდინარეობს დაშლის პროცესი, რისი მომსწრეც არის საზოგადოება. ისინი ვერ იყოფენ კეზერაშვილს, დაფინანსებას და მედიაზე გავლენას. ამას ამომრჩეველი ხედავს, რის გამოც მათ გაუჩნდათ უნდობლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.