არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პროექტი დაიწყო სახელმწიფომ, მისი დაყვანა ერთ პიროვნებაზე, პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, არის სპეკულაცია
ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაიწყო, შესაბამისად, მისი დაყვანა საჯარო დიკსუსიაში რომელიმე ერთ პიროვნებაზე, პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, ვფიქრობ, არის სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და არ არის გარანტირებული მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან.
„რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, აეროპორტებს და ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ და ვაშენებთ, ეს არის ხელისუფლებისა და მთავრობის საქმე, ეს არის თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ინვესტორებთან. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მომავალი განვითარება და არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და არ არის გარანტირებული მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან. ეს არის ინსტიტუციური პროექტები, ამ პროექტებზე ლიდერობა აქვს სახელმწიფოს. ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაიწყო, შესაბამისად, მისი დაყვანა საჯარო დიკსუსიაში რომელიმე ერთ პიროვნებაზე პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, ვფიქრობ, არის სპეკულაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.