არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებს
ახალი აეროპორტები, პორტების განვითარება, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ფუნდამენტალური ნაწილია. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ვხარჯავთ და ბუნებრივია, ანაკლიის პორტიც ამ პროექტებს შორის არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საჯარო და კერძო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.
„საჯარო სექტორი ანუ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს, ხოლო იქ, სადაც კერძო სექტორს უჭირს ინვესტიციების მოზიდვა, კრედიტის მიღება, თავისი ვალდებულების შესრულება, როგორც იცით, ჩვენ არაერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ვადების მხრივ იყო ცვლილებები, იყოს სუბორდინირებული სესხები, სახელმწიფომ გადაიხადა კონკრეტულად ფული იმისთვის, რომ კონკრეტულად მიწების გამოსყიდვა მომხდარიყო ანაკლიის პორტისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე სახელმწიფოს მხრიდან არის გაკეთებული. ველოდებით, როდესაც ამ პროექტის კერძო პარტნიორები და ინვესტორები შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვთ.
ეს არის რთული პროექტი, რომელიც თვისობრივად ცვლის და უპირატესობას მოუტანს რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ის გამოწვევები და ბარიერები, რომლებიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა, თავიდანვე კონსორციუმს და პროექტის ავტორებს, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გათვლილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი. შესაბამისად, მისი განხორციელება ადვილი არ არის და ბუნებრივია, ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც გითხარით, სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებს ამ პროექტთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.