არჩილ თალაკვაძე - ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული USAID-მა მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას, რისთვის მისცა, ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება
არჩილ თალაკვაძე - ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული USAID-მა მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას, რისთვის მისცა, ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება

ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული USAID-მა მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას და რისთვის მისცა, ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება, რომ არ დარჩეს სივრცე რამე დამაზიანებელი კითხვებისთვის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ამ ყველაფერს გამოიყენებენ ჩვენი მეგობრობის მოწინააღმდეგეები და ამაზე დროულად უნდა გაკეთდეს განმარტება. თუმცა, რაც მოცემულობაა და ფაქტია, USAID-მა რომელი ორგანიზაციაც დააფინანსა, ის ორგანიზაცია ამ ფულს იყენებს ძალადობრივი, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით, საქართველოში არ ჩამოსულა აშშ-ის ახალი ელჩი და თუ ვინმემ ამ პირობებში გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას განმარტება არ სჭირდება, ეს ძალიან ცუდია.

„დღეს აშშ-ის ელჩი არ არის თბილისში. ელჩი, რომელმაც ამოწურა მანდატი, წასულია და ახალი ელჩი არ არის ჯერ ჩამოსული. ამიტომ, თუ ვინმემ ამ პირობებში გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას განმარტება არ სჭირდება, ძალიან ცუდი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, ამერიკელი ხალხი და მთავრობა, როგორც მთლიანი ორგანიზაცია, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მხარდამჭერი, აშშ-ის ინტერესებში შედის ძლიერი, სტაბილური, მშვიდობიანი საქართველო და ეს ეჭვგარეშეა.

„დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესებში შედის სტაბილური, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველო. ისევე, როგორც აშშ, როგორც სახელმწიფო, არის დარწმუნებული, რომ საქართველო არის მისი საიმედო პარტნიორი რეგიონში, და თუ ამას რამე ჩრდილი მიადგება, იქნება ეს ორგანიზაციის მხრიდან, გრანტის მიმღების მხრიდან თუ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, რომელმაც ელჩის არყოფნის პირობებში შეიძლება, გადაწყვიტა, ეს განმარტოს ან შეიძლება, გადაწყვიტა, რომ გრანტი მისცეს ასეთ ორგანიზაციას, უნდა იყოს განმარტებული ამომწურავად, რომ მეგობრობას არ მიადგეს ჩრდილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი და გულწრფელია ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, როდესაც პარტნიორს კითხვები აქვს, საჭიროა ამაზე დროული განმარტებები, მათ შორის, ადამიანების დონეზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა.

„უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტულ დეპარტამენტებში თუ კონკრეტულ ფონდებში, მათ შორის, USAID-ში მუშაობენ ადამიანები და როდესაც შენს პარტნიორს აქვს კითხვები, საჭიროა ამაზე დროული განმარტებები, მათ შორის, ადამიანების დონეზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა. მე ასე ვხედავ მეგობრობას და პარტნიორობას, თუ რაღაც მოხდა ისეთი, რაც ჩრდილს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, ამაზე საჭიროა დროული და ამომწურავი რეაგირება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშანი დაესმის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებს, მეგობრობას ხალხებს შორის და თანამშრომლობას მთავრობებს შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წინასწარ, სანამ გამოძიება ყველაფერს არ გადაამოწმებს, ვერაფერს იტყვის, ამის შემდეგ კი ხელისუფლება საზოგადოებას გააცნობს საკუთარ შეფასებას და შეიძლება, პარტნიორებს კონკრეტულ შეხვედრაზე გადასცეს ეს ინფორმაცია, რას აკეთებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკელი ხალხის ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია.