არჩილ თალაკვაძე - ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, რის გაკეთებას ვგეგმავთ, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია
დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის ვიზიტები ვაშინგტონში, გვექნება პირისპირ შეხვედრები კონგრესმენებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, იგეგმება შეხვედრები სენატის წევრებთან, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
„ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება და ძალიან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ვინაიდან, საქართველო რჩება მომავალზე ორიენტებულად. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც მომავალზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. რაც შეეხება წერილებს, მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამაზე განცხადებას, კონგრესმენების წერილები ცალსახად ჩვენი მხრიდან არის მიღებული, როგორც მეგობრების მოსაზრებები და კითხვები, რომლებიც მათ აქვთ ამ მომენტში. ჩვენ ვთქვით, რომ ჩავალთ, დაველაპარაკებით, მივაწვდით ინფორმაციას, გავცვლით არგუმენტებს და ამ პირობას ვასრულებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.