არჩილ თალაკვაძე - ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე
გუშინ საღამოს, ორმა სატელევიზიო არხმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“გაავრცელეს უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი. სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მე დასასვენებლად ვიმყოფები ახლა კომოს ტბაზე, იტალიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, ის საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ინიციატივამ სამწუხაროდ პარლამენტში ვერ მიიღო საკმარისი ხმები, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ერთი წლის წინ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახულია კონსტიტუციაში და ის მოქმედია. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, სხვა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. მე გარწმუნებთ ძვირფასო თანამოქალაქეებო, რომ ქვეყანაში იქნება ძალიან მალე სიმშვიდე, განვითარებას გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოხდება ჩვენი საერთო ძალისხმევით. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებისთვის და ის აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭირვალედ. ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატვს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რასაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ 2020 წლის არჩევნებში. პარლამენტი კი აგრძელებს საქმიანობას, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წინ განსახილველი დეკემბრის ჩათვლით, ეს არის მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს დაეხმარება მიწების დარეგისტრირებაში, ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და ეს არის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, ხელფასების ზრდა პედაგოგებისთვის, ხელფასების ზრდა პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. გათვალისწინებული პენსიების ზრდა. ასევე გათვალისწინებულია პენსიების ზრდა შშმ პირებისთვის. ისევე როგორც ახალი ბიუჯეტი მოიცავს მნიშვნელოვან რესურსს დევნილთათვის საცხოვრისების ასაშენებლად და მნიშვნელოვან დაფინანსებას რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და პარლამენტი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას“, – აცხადებს თალაკვაძე.