არჩილ თალაკვაძე - ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია, ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს
ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია, „ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში“.
„გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განვაგრძოთ დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ იმ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მუშაობა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური პროცესის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება, ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევმ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ვფიქრობ, პარლამენტში ჩვენ შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას და იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებები არ შეუწყვეტია. მისივე აზრით, მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი.
„მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქამდე, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, და ამ სამი თვის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო. ამიტომ მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე.
მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.