არჩილ თალაკვაძე - ახლა მიმდინარეობს ნიკა მელიას განეიტრალების ოპერაცია, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს
ახლა მიმდინარეობს მელიას განეიტრალების ოპერაცია, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა პროცესი მიმდინარეობს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში.
„შიგნით მიმდინარეობს კეზერაშვილის გაყოფა-გადანაწილების პროცესი. ვინც უფრო მეტად იქნება უტიფარი და ვინც უფრო მეტად იქნება თავზე ხელაღებული, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს, ის დაიკავებს მელიას ადგილს. შეიძლება, მელია მოერიოს, შეიძლება, ხაბეიშვილი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური გემი, იძირება და პარტიაში მიმდინარე პროცესი არის თვითგადარჩენის ინსტინქტი.
„გარეთ დგას კეზერაშვილი, რომელსაც აქვს ფული, გავლენა ტელევიზიაზე და ცდილობს, ამ გემის ნარჩენებისგან რაღაც ნავი, ან ტივი მაინც გააკეთოს, როგორც მინიმუმ. იმიტომ, რომ მას ეს თავდაცვისთვის სჭირდება; მას სჭირდება, დროულად ამოეფაროს ან ჟურნალისტიკას, ან პოლიტიკას, როგორც ეს გააკეთა ერთ შემთხვევაში სააკაშვილმა და მეორე შემთხვევაში როგორც ისინი ეძახიან „მედიამენეჯერმა“, ყოფილმა პროკურორმა, ვინც პირდაპირ მხარს უჭერდა და საზოგადოებას ეთერში უმტკიცებდა, რომ „იმედზე“ „რეიდის“ ჩატარება, ანტენების დაპატიმრება და ჟურნალისტების ცემა იყო დემოკრატიისთვის აუცილებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უკვე არის პარტია, რომელსაც აღარ ჰყავს მომავლის ლიდერები, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და მისი საქმიანობის მთავარი ღერძი არის პოლიტიკური შურისძიება.
„როდესაც შენ ხარ დესტრუქციული, როდესაც შენი საქმიანობა არის ტოქსიკური შენი ქვეყნისთვის და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც დროში იწურება იმის რესურსი, რომ დარჩე პოლიტიკაში იმ სტატუსით, როგორც გინდა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავს უწოდებდა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ რეალურად, დღეს საზოგადოებამ პარლამენტს რომ გადახედოს, მთავარი ოპოზიციური პარტია უფრო მეტად არის ცარიელი სკამები, ვიდრე აქტიური და მართლა მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პარტია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ იმას, თუ როგორ დამთავრდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ერთადერთი მნიშვნელობა, რაც შეიძლება, ამას ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციურ ელექტორატს უჩნდება კარგი შანსი, 2024 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ამ უპასუხისმგებლო და ანტისაზოგადოებრივი პარტიის ნაცვლად, ეს სივრცე სხვა ახალ, უკეთეს ოპოზიციურ პარტიებს მისცენ, თუ მაინცდამაინც ოპოზიციას უჭერენ მხარს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.