არჩილ თალაკვაძე - ახალი კრიტერიუმებით შერჩეულ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება
სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ძირითად ამოსავალ პრინციპებზე შეჯერდა, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეობის კანდიდატურების საკითხის გარდა, შიდა პარტიული თემებიც განიხილეს.
„უმრავლესობის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დავასრულეთ, რომელზეც ძირითადი დრო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო, მაგრამ დღეს ასევე მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სხვა, შიდა პარტიულ საკითხებსაც. ეს შედეგიანი შეხვედრა იყო. შეიძლება ითქვას, სასამართლოსთან დაკავშირებით გუნდი შეჯერდა ძირითად ამოსავალ პრინციპებზე. შედეგი გამოიხატება იმაში, რომ უმრავლესობა უკვე მზად არის, სამუშაო ჯგუფში კონკრეტული სამუშაო პროცესის მონაწილე გახდეს, რომ სამუშაო ჯგუფმა თავისი მიზანი შეასრულოს, შეიმუშაოს ეფექტიანი რეგულაციები, რომელშიც კრიტერიუმებზე და პროცედურებზე იქნება საუბარი. ამ შეხვედრის ძირითადი შედეგი სასამართლოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძირითად პრინციპებზე შეჯერება შევძელით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი წარმომადგენლობითი იქნება და ყველა ძირითადი მხარე ჩაერთვება, რომელთაც თავიანთი პროფესიონალური პოზიციები ჰქონდათ.
„სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს შეთავაზება. მათი მოთხოვნა იყო, ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყოლოდათ ჯგუფში. ვიმსჯელეთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართული. პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და გუნდის მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განმტკიცებას, ასევე პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი მოსამართლეების დამტკიცებას უზენაეს სასამართლოში.
„თითოეულ კანდიდატურაზე იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა. რაც ნიშნავს, რომ თითოეულ კანდიდატურას უყრის კენჭს პარლამენტი და არა მთლიან სიას ერთად. საგაზაფხულო სესიაზე მოსამართლეობის კანდიდატურებზე, რომელიც ახალი წესითა და კრიტერიუმებით შეირჩევიან, სათითაოდ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სავარაუდოდ, 27 იანვარს გაიმართება.