არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც საქართველოს პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს. მათგან რამდენიმე, მუშაობას პარლამენტის აპარატში გააგრძელებს.
„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყოს ახალგაზრდების მიმართ მეგობრული. პირველი დასაქმება, პირველი სამსახურის მოძიება ადვილი არ არის – სტაჟირების პროგრამა სწორედ ამაში დაგეხმარებათ. პარლამენტი იყოს ახალგაზრდების პარლამენტიც, ისევე, როგორც ყველა თაობის. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ სხვა ინიციატივებშიც – იქნება ეს კვლევები, საკომიტეტო განხილვები, პროგრამები, რომელიც პარლამენტს აქვს, მიიღოთ მონაწილეობა“,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.
ახალგაზრდებს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც მათ სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა.
მისი თქმით, შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, რაც ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე მეტყველებს.
„მიხარია, რომ ჩანაფიქრი, რომლისთვისაც ეს პროგრამა დაინერგა საქართველოს პარლამენტში, რეალიზებულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილს იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რაც იყო მიღწეული ბატონი ირაკლი კობახიძის დროს, რომ დასაქმდებოდა რამდენიმე თქვენგანი, ვინც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებდა, მხარდაჭერილია მისი მხრიდან და დამატებით ახალი ინიციატივები გამოითქვა”, – მიმართა ახალგაზრდებს გივი მიქანაძემ.