არჩილ თალაკვაძე - ახალ რეგლამენტს მნიშვნელოვანი სიახლეები შემოაქვს, პარლამენტში პოლიტიკა უფრო საქმიანი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის ადგილსამყოფელსა და ეთიკის საბჭოს საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, როგორც ყველა კარგ სიახლეს, მათ შორის რეგლამენტსაც შესაძლოა, ოპონენტები გამოუჩნდნენ.
„მზად ვართ, არგუმენტები გავცვალოთ. ახალ რეგლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები შემოაქვს. პარლამენტში პოლიტიკა უფრო საქმიანი იქნება, რადგან ორიენტირებულია საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე. ცვლილებები საზედამხედველო ფუნქციას აძლიერებს და პოლიტიკური პროცესი იმ ტრადიციებში გადაჰყავს, რომელიც ევროპაშია საუკეთესო. როგორც უმრავლესობის ლიდერი უზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართოს და ამ ორ საკითხზე უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია შემდეგ კენჭისყრაზე დააფიქსიროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის წევრთა ნაწილი პროექტიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის ან ამოღებას ითხოვს, ან ქუთაისის მსგავსად, თბილისის ჩაწერას. მმართველი გუნდის წევრები პროტესტს გამოხატავენ ასევე რეგლამენტის პროექტში ეთიკის საბჭოს ჩანაწერის გამოც.