საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა.
„დღეს არის სიმბოლური დღე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულ მოგონებებთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული. საქართველოსთვის ოკუპაცია არის დიდი გამოწვევა დღემდე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მამაცობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, მსხვერპლი, რომელიც თქვენ გაიღეთ ჩვენი ისტორიის ამ მნიშვნელოვან დროს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და მომავალს, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე.
არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ურთიერთობები თაობებს შორის იყოს ხშირი.
აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ ვეტერანებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, პარლამენტისა და ხელისუფლების სახელით თანადგომა აღუთქვა. 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.