არჩილ თალაკვაძე - ადამიანის უფლებების დაცვა არ არის, როცა ერთი პატიმარი უნდა იყოს განსაკუთრებულ პირობებში, ფაქტობრივად, რეზოლუციით თქვეს, ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო
ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია აბსოლუტურად არის დაშორებული ევროპის ფუნდამენტურ პრინციპებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ევროპარლამენტის რეზოლუციის გზავნილი, რომ სააკაშვილის საკითხი დაკავშირებული იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია ამ ნაწილშიც გამრუდებულია.
„არ შეიძლება, ევროპა იყოს მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საკითხთან არჩევანში. ეს არის აბსურდი. როდესაც რომელიმე ევროპარლამენტარი გეუბნება, ან ევროკავშირი აირჩიე, ან მართლმსაჯულებაზე თქვი უარიო, ან ევროკავშირი აირჩიე, ან სიმართლეზე თქვი უარი, ან ევროკავშირი, ან მე რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, თუნდაც ეს არასწორი იყოსო, ეს არის აბსურდი. ევროპა არ შეიძლება, იდგეს კანონის უზენაესობასთან წინააღმდეგობაში; ევროპა არ შეიძლება, სასწორის სხვადასხვა პინაზე იდოს ადამიანის უფლებების დაცვასთან, და ადამიანის უფლებების დაცვა არ არის, როდესაც 10 000 პატიმარი არის ერთ პირობებში და ერთი პატიმარი უნდა იყოს განსაკუთრებულ პირობებში. ფაქტობრივად, ამ რეზოლუციით მათ თქვეს, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ 90-იან წლებში და სააკაშვილის ხელისუფლების დროს კრიმინალური ბანდის ლიდერები ციხეში განსაკუთრებულ პირობებში ჰყავდათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი პირველად ხდება, რომ პატიმარი სასჯელს საავადმყოფოში იხდის.
„ეს არის ანომალია. ევროპაში ეს არასოდეს არ მოხდებოდა, არასოდეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, რეზოლუცია მძიმეა სწორედ იმ ევროპარლამენტართა ჯგუფისთვის, ვინც ის დაწერა და ვინც პარლამენტის შიგნით კოორდინაცია გააკეთა, რომ ეს რეზოლუცია მიეღოთ.
„მათთვის არის მძიმე. პირდაპირ გეუბნებით, ამ ჯგუფმა ეს რეზოლუცია მოამზადა პირადი ინტერესებით და ამით მათ უღალატეს ევროპას. იმიტომ, რომ ამ რეზოლუციამ ძალიან ბევრი ადამიანის იმედგაცრუება გამოიწვია და თუ ეს ხალხი სხვაგანაც ასეთ რეზოლუციებს იღებს, სხვა სახელმწიფოებთან და სხვა შემთხვევებთან მიმართებითაც, ჩათვალეთ, ეს ადამიანები ევროპას უქმნიან პრობლემას. პირველ რიგში, ეს ადამიანები უქმნიან ევროპას პრობლემას, რადგან ამით ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია, ევროპის მიმართ ადამიანების რწმენის და ნდობის შებღალვა. აი, ეს არის ყველაზე საგანგაშო და ვფიქრობ, ამას უნდა გაეცეს პასუხი. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამას და ძალიან მალე დავინახავთ, როცა ამ ადამიანებს პასუხს გასცემენ თვითონ ევროპელები, ევროპელი მოქალაქეები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, მაჰათმა განდი იყოს, მაგრამ ის მაჰათმა განდი არ არის.
„მესმის, რომ უნდა, მაჰათმა განდი იყოს, მაგრამ არ არის მაჰათმა განდი. ეს ადამიანი თავისივე გუნდშიც ყველაზე სუსტი ლიდერი გამოდგა. მისმა თანაგუნდელებმაც მოიხადეს სასჯელები ისე, რომ ერთი ტყუილი არ უთქვამთ და ერთი სპექტაკლი არ დაუდგამთ, ეს ადამიანი, კი ერთი წელიც არ არის გასული, პენიტენციურ სისტემაზე არც არის ლაპარაკი, საავადმყოფოშია და აცხადებს, მე არ შემიძლია პატიმრობაში ყოფნა და როგორც გინდათ, გამომიყვანეთო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.