არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს პარტიის დაფინანსებასა და ბილეთების ფულს, მაიამიში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული
ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებასა და ბილეთების ფულს, ადამიანი, რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიანი შემოწირულობის გაკეთებას, სინამდვილეში, მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილისა და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვითომ შეჭირვებული სააკაშვილი და მისი ოჯახი, მაიამიში, ფლორიდაში ეძებს ბინას.
„ეს არის თქვენი სახე. არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაშიო. ეს არის უტიფარი ტყუილი, რადგან „ფორბსის“ სიას თუ ჩავხედავთ, სწორედ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო ყველაზე მეტი და „ფორბსის“ სიით, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის, როგორი მატყუარებიც ხართ და როგორ შეცდომაშიც შეგყავთ საზოგადოება. ასევე აქ არის მედია და მინდა, მედიას პირდაპირ მივმართო. რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, „ჰაიდელბერგ-ცემენტი“, „გალერეა თბილისი“, სასათბურე კორპორაციები და სხვა ჩამონათვალიც იყო, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ, ეს ჩამონათვალი, რაც „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს, სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა, რადგან ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაკეთებას, გადაფუთვას, დამახინჯებას და თავისი ცოდვების, დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან. ეტყობა, ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ, მაგრამ გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც დაინახავთ, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.