არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
„წინა შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება და კონკრეტულად უზენაეს სასამართლოს. გუშინ გითხარით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, სავარაუდოდ, საჭირო და დღეს გვაქვს უმრავლესობის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, დღეს ასევე ვიმსჯელებთ სასამართლოსთან დაკავშირებით. მსჯელობა არ იქნება კრიტერიუმებთან დაკავშირებით, არამედ ვისაუბრებთ მთლიანობაში იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლითაც პარლამენტში მოსამართლეების შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, უმრავლესობის საერთო მხარდაჭერა ექნება იმას, რომ მოსამართლეობის თითოეული კანდიდატურის კენჭისყრა ინდივიდუალურად მოხდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ყველა კანდიდატი განიხილოს სათითაოდ, სათანადოდ და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. დღეს ვიმსჯელებთ, რომ თითოეული მოსამართლის კანდიდატურის განხილვას დაეთმოს საკმაოდ დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში და თითოეულ პარლამენტარს ექნება კითხვების დასმის შესაძლებლობა. დღეს გვექნება მსჯელობა ამ პროცესთან დაკავშირებით, ყველა ნიუანსს განვიხილავთ და ვეცდებით, რომ უკვე სამუშაო საკითხებზე შევთანხმდეთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.