არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები არ განიხილება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გამოუცხადა ნდობა პრემიერის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში რამე სახის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება.
მისივე თქმით, მომავალში ცვლილებების საჭიროება თუ იქნება, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა.
„პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ კაბინეტს, ეს მოხდა ცოტა ხნის წინ. შესაბამისად, ამ მომენტში რამე ცვლილება არ განიხილება. პრემიერ-მინისტრს მომავალში ასეთი გეგმა თუ ექნება, ეს არის მისი პრეროგატივა. კონსტიტუციის და კანონის თანახმად, მას შეუძლია, ცვლილებები განახორციელოს. თუმცა, სამთავრობო გუნდი სულ ახლახანს დაამტკიცა პარლამენტმა და ამ გუნდს აქვს მნიშვნელოვანი საქმე, ამოცანები პანდემიის დასრულებისთვის, პოსტპანდემიური პრობლემების მოსაგვარებლად, იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლებიც ყველგან, მთელ მსოფლიოში პანდემიის შემდეგ იქნება, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გუნდი დაკომპლექტებულია და ისინი მუშაობენ თანმიმდევრულად ამ მიმართულებებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცვლილებები არ განიხილება ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, თუმცა თუ მომავალში ასეთი საჭიროება იქნება, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.