არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამი ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე „ქართული ოცნება“ გუნდურ გადაწყვეტილებას მიიღებს
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამი ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე „ქართული ოცნება“ გუნდურ გადაწყვეტილებას მიიღებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა არ ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გუნდურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, საუბარია ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტაზე, რომლებიც პარლამენტს თვეების განმავლობაში სთხოვდნენ მანდატების შეწყვეტას, დღეს კი მმართველ გუნდს ადანაშაულებენ, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ მანდატების შეწყვეტა სურთ.

„რეალურად, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზია საკანონმდებლო საფუძვლები. თვეების განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ, რატომ არ გვიწყვეტთ მანდატებსო და ამას ჩვენი მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის თუ უფლებების შელახვის მაგალითად მიიჩნევდნენ. დღეს კი, საპირისპიროს ამბობენ და აცხადებენ, რომ თუ უფლებამოსილება შეწყდება, ეს პოლიტიკური დევნა იქნებაო. ეს არის აბსურდი, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. სიმართლეა ის, რომ საკანონმდებლო საფუძვლები არსებობს იმის, რომ პარლამენტმა მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ერთ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, ამის საფუძველია სხდომების გაცდენა, მეორე შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა თალაკვაძემ.