არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს
მთავრობა მზად არის, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის, ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილი თუ პროტესტი გამოიწვია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.