არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დასახელებულ პირს მის ოჯახთან კავშირი არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დასახელებულ პირს მის ოჯახთან კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, პირი, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მედიასთან საჯაროდ ასახელებს, არ არის მისი ძმა, არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი.
„გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან. სახელიც კი არასწორად არის ნახსენები, რადგან ჩემი ძმის სახელია არა გელა, არამედ ავთანდილი. მედიასაშუალებებს, რომელთაც მისი განცხადება გადაუმოწმებლად გაავრცელეს, ვთხოვ, შემდეგი შესაძლებლობისთანავე ამ დეზინფორმაციას ნათელი მოჰფინონ“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.