არჩილ თალაკვაძე - აბასთუმანი იქნება ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მთლიანად ჯდება მომავლის თანამედროვე კონცეფციაში
მისასალმებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშიც, როგორც სხვა ბევრ ადგილას, უპრეცედენტო ქველმოქმედებასა და ინვესტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნით დაინტერესებაზე ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სიამოვნებს ის მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს.
„ასეთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ამბობდა „ბლექ სი არენაზე“, გასართობ პარკზე, უნივერსიტეტზე, რომ ეს პროექტები უნდოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მოკლე დროში მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს და მისცა საზოგადოებას. ჩვენი მოქალაქეები იყენებენ ამ ყველაფერს. ეს არის ახალი ეკონომიკის ნაწილი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება აბასთუმანს, არჩილ თალაკვაძის თქმით, აქაც უპრეცედენტო ქველმოქმედება და ინვესტიცია ხორციელდება.
„აბასთუმანი იქნება ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მთლიანად ჯდება მომავლის თანამედროვე კონცეფციაში. ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ასევე, იმ ტრადიციებისა და ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც აქვს აბასთუმანს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი მხარე და მისასალმებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქაც, როგორც სხვა ბევრ ადგილას, უპრეცედენტო ქველმოქმედებასა და ინვესტიციას ახორციელებს“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ წლების განმავლობაში კარგად დაინახა ოპოზიციის ნაწილის ორმაგი სტანდარტი.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას ეხმარება 90-იანი წლებიდან. არაერთი ქალაქის რესტავრაცია, ტაძრების რესტავრაცია, ეკონომიკური პროექტების დაფინანსება მან სრულიად უანგაროდ გააკეთა. სამწუხაროდ, ამ ბატონებსა და ქალბატონებს ამაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, როდესაც ეს ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს და დღეს ძალიან კრიტიკულები გახდნენ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. თუ პოლიტიკური უმადურობა არსებობს, ეს არის პოლიტიკური უმადურობა“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.