არჩილ თალაკვაძე - 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ოთხ ფუნდამენტურ ფაქტორს ეფუძნება, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევაა
არჩილ თალაკვაძე - 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ოთხ ფუნდამენტურ ფაქტორს ეფუძნება, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევაა

7,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოთხ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, რაც მთლიანობაში, „ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებაა, – ამის შესახებ 1tv.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ მოიტანა.

„ჩვენი ხელისუფლება – „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი 2012 წლიდან ახორციელებს მთელ რიგ რეფორმებს ევროკავშირთან დაახლოების და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.  ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ შეთანხმებისა და ზოგადად, საქართველოს, როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილის როლის  განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩინეთიდან საქართველოში პირველი მატარებლის ჩამოსვლამ, რაც სწორედ „საქართველოს რკინიგზაში” მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.  სწორედ ამას მოჰყვა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგების გადასახადის გაუქმება და ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვა, რაც მთელი ხელისუფლების ხედვას ეფუძნებოდა.

„აბსოლუტურად სწორად დაკორექტირდა აღნიშნული რეფორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგების გადასახადის გაუქმება ფინანსურ სექტორსა და ბანკებზე აღარ ვრცელდება, რომლის ინიციატორი მამუკა ბახტაძე იყო.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე დიდი გავლენა მოახდინა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვამ, რამაც  მეტი ოპტიმიზმი გამოიწვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტი დინამიკა შეიტანა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.