არჩილ თალაკვაძე - 300 წლის შემდეგ ისტორია ისევ მეორდება, საქართველო კვლავ ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება
300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოსთვის და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
„მსურს, თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. მოხარული ვარ, რომ მრავალი ქართველი და უცხოელი კოლეგები, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები მაღალ ინტერესს გამოხატავენ ჩვენი რეგიონის აწმყოსა და მომავალში. ეს კონფერენციაც შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მადლობა გადაგიხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი მიღწევები და იმ გამოწვევების დაძლევის გზები, რომლების წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის პოტენციალის უმეტესი ნაწილი გამოიყენა – ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში, ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული გარდაქმნისთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოსთვის და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების დროულ და ეფექტურ განხორციელებას. ამ წლების განმავლობაში, არასოდეს შეგვიწყვეტია განვითარების მცდელობა. საკონსტიტუციო რეფორმით წარვადგინეთ თანამედროვე და ყოვლისმომცველი საპარლამენტო სისტემა შესაბამისი ძალთა დაბალანსების სისტემით; ნიშანდობლივად გავაუმჯობესეთ ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა; ჩვენ მივაღწიეთ გლობალურ ბაზრებზე უკეთეს ინტეგრაციას. სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის მეშვეობით, ჩვენ გადავდგით პოზიტიური ნაბიჯები სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობისადმი. დაგეგმილი დეცენტრალიზაციის რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თალაკვაძემ აქცენტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გააკეთა.
„ბოლო 10 წელი სავსე იყო გამოწვევებითა და გარე ძალებით, რომლებიც გამალებით ძირს უთხრიდნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დღემდე ოკუპირებული და სრულიად იზოლირებულია, მაინც ვცდილობთ, ვიყოთ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირისთვის. პრო-დასავლური ორიენტაცია კვლავ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მტკიცე არჩევანია. დასავლეთ დემოკრატიულ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, რაც სათანადოდ აისახება საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც ნათლად არის გაცხადებული, რომ ყველა საკონსტიტუციო ორგანო ვალდებულია, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.