არჩილ თალაკვაძე - 2021 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია, რომ პანდემიის დასრულებამდე, მაქსიმალურად დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა
ეს არის სწრაფი აღდგენის ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია, რომ პანდემიის დასრულებამდე მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
„დღეს საკმაოდ დატვირთული სხდომა გვექნება, ვინაიდან ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს და შემდეგ კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა, ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალური ჩართულობით და მონაწილეობით გავაკეთოთ ეს დღევანდელ სხდომაზე, ასევე ყველას გთხოვთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ მაქსიმალურად ინფორმაცია, თუ რა ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი და მისი პროექტი. ეს არის სწრაფი აღდგენის ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია, რომ პანდემიის დასრულებამდე მაქსიმალურად დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ასევე მაქსიმალურად ჯანსაღად შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკა. რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით, რომ გაიაროს საქართველოს ეკონომიკამ ეს პერიოდი, რათა როცა პანდემია დასრულდება უკვე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყოს ისეთ ფორმაში, რომ ეკონომიკური პროცესების, ტურიზმის, მიმოსვლის აღდგენას მან უპასუხოს ჯანსაღად, სათანადოდ და სწრაფ დროში. ეს არის რეალურად 2021 წლის ამოცანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გარდა, არის ძალიან პასუხისმგებლიანი სოციალური დახმარების პაკეტი, რომელიც ეხება ქვეყნის იმ მოქალაქეებს, იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ვინც დაკარგეს შემოსავალი, დაკარგა სამსახური, რჩება სოციალური დახმარების საჭიროებაში.
„ეს ყველაფერი არის იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასახული ბიუჯეტის პროექტში, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ასევე საერთაშორისო დახმარებები იძლევა. რისი მობილიზებაც შეძლო საქართველოს მთავრობამ. გთხოვთ, მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რას ითვალისწინებს 2021 წლის ბიუჯეტი და დღეს, ასევე მომდევნო დღეებში ჩვენ ამის საშუალება გვექნება მედიასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.