არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის პარლამენტის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი მოხვდება ანტიკრიზისულ ბიუჯეტში, რაც მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის ყველა იმ დეპუტატს, ვინც კოვიდ ინფექციის საწინააღმდეგო ფონდში საკუთარი ხელფასი გადარიცხა.
მისივე თქმით, 2020 წლის პარლამენტის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე მიემართება.
„საუბარია სამი თვის ხელფასზე. ყოველი თვის მესამედი იყო გადარიცხული, კოლეგებო, თქვენი მხრიდან, რისთვისაც მადლობას გიხდით. გარდა ამისა, როგორც ბატონმა ირაკლი კოვზანაძემ მოგვახსენა, წლევანდელი, ანუ 2020 წლის პარლამენტის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი მოხვდება უკვე ანტიკრიზისულ ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას.
ეს გახდა შესაძლებელი სწორედ ხაზინდართა საბჭოს მუშაობისა და ჩვენი პარლამენტის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების დამსახურებით, სადაც ჩვენ შევძელით ამ ხარჯების შემცირება, ეკონომია. შესაბამისად, ამ თანხის მობილიზება ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებისთვის. რასაკვირველია, შემოსულ პროექტთან ერთად მოხდება განხილვა ამ ცვლილების და მე იმედი მაქვს, რომ საერთო ჯამში უკვე ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ექნება თქვენი მხარდაჭერა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მანამდე, პარლამენტის ბიუჯეტზე და ანტიკრიზისული ბიუჯეტისთვის გათვალისწინებულ 4 მილიონ ლარზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტის ხაზინდართა საბჭოს და ასევე ჩვენი რეგლამენტის შესაბამისად შემცირდა საქართველოს პარრლამენტის ბიუჯეტი, ასიგნებები 4 მილიონი ლარით და შესაბამისი დადგენილება წარმოდგენილია თქვენთან“,- განაცხადა კოვზანაძემ.