არჩილ თალაკვაძე -„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება
ლევან კობერიძის პოზიცია საზოგადოებამ იცოდა და სენსაციას ამაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხზე განაცხადა.
მან უმრავლესობის შესაძლო დაშლაზე კომენტარებს სპეკულაციები უწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტში სინამდვილეში უმცირესობა დაიშალა.
„წინა სხდომებიდან ლევან კობერიძის პოზიცია საზოგადოებამ იცოდა. სენსაციას ამაში ვერ ვხედავ. მან ძალიან ბუნებრივად ახსნა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამაზე შეიძლება იყოს, თითქმის ორი წელია ოპოზიციისგან გვესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, სინამდვილეში დაიშალა უმცირესობა პარლამენტში და სამწუხაროდ, ამაზე აქცენტს თვითონ არ აკეთებენ, რადგან ეს თემა არ მოსწონთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება.
„გარწმუნებთ, 2020 წლის არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
გუშინ დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.
ლევან კობერიძემ გუშინ „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.