არჩილ თალაკვაძე - 2019 წელი პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული, პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით დაძაბული იყო
არჩილ თალაკვაძე - 2019 წელი პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული, პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით დაძაბული იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 2019 წელს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული იყო.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტმა 2019 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი კანონი მიიღო.

„პარლამენტისთვის იყო ძალიან დატვირთული სამუშაო წელი. ჩვენ მივიღეთ 400-ზე მეტი კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებები, დადგენილებები, გავმართეთ პლენალური სხდომები, 13-ჯერ მოვუსმინეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს“ ,- განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, 2019 წელი პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებითაც გამოირჩეოდა.

„ეს წელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით იყო საკმაოდ დაძაბული, ჩვენ წარვადგინეთ ის მთავარი გამოწვევები და მთავარი სამუშაო საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პარლამენტმა ბევრი გააკეთა, მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, ენერგო ეფექტურობის და ენერგო სექტორში ალტერნატიული წყაროების სტიმულირებისათვის მნიშვნელოვანი პაკეტი, ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ წლის შეჯამებისას საერთაშორისო დელეგაციების როლზეც ისაუბრა.

„ძალიან ბევრი გააკეთეს საერთაშორისო დელეგაციებმა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. პარლამენტს აქვს ხელშესახები საქმე გაკეთებული 2020 წლის საგაზაფხულო სესიებისთვის, უახლოეს დღეებში დავიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.