არჩილ თალაკვაძე - 20 ივნისს რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით ცვლილებების მიღწევას ქვეყანაში, რასაც არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს
არჩილ თალაკვაძე - 20 ივნისს რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით ცვლილებების მიღწევას ქვეყანაში, რასაც არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს

20 ივნისი, გახლდათ თარიღი და მოვლენები, როდესაც მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი უპასუხისმგებლო რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს დესტაბილიზაციისთვის და მათ ორგანიზება გაუკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება და საზოგადოება არ მოითმენს.

„ჩემი შეფასება არის იგივე, რაც მცირე დროის შემდეგ მქონდა ამ მოვლენებიდან. რეალურად, 20 ივნისი, გახლდათ თარიღი და მოვლენები, როდესაც მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი უპასუხისმგებლო რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს დესტაბილიზაციისთვის და მათ ორგანიზება გაუკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, რასაც არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება და საზოგადოება არ მოითმენს. ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას, დემოკრატიული სახელმწიფო პასუხობს პროპორციულად და კანონის შესაბამისად. რასაკვირველია, ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული იყო გამოძიებებიც, პასუხისგებაშიც არიან მიცემული პირები. ეს იმ დარღვევებთან და შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ამ დღეს. თუმცა, თავად შეფასება ამ მოვლენებთან მიმართებით რჩება იგივე და იმის გამართლება, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით, ძალადობრივად და ძალადობრივი შეტევით ცვლილებების მიღწევას ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.