არჩილ თალაკვაძე - 14 დეკემბერის ღონისძიება ეძღვნება საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში, მას არ აქვს კავშირი ოპოზიციის დაანონსებულ პიკეტებთან
14 დეკემბერს იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში, შესაბამისად, მას არ აქვს კავშირი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან და ბლოკირების მცდელობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძეს 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„14 დეკემბერს იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ქვეყნისთვის არის ახალი შესაძლებლობა, რომ ჩვენი დღის წესრიგი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს მიღწევები და ასევე გამოწვევები, რომელიც არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ქვეყნის დეოკუპაცია, კიდევ აქტიურად წამოვწიოთ ევროპის დღის წესრიგში და მათ სამუშაო ფორმატებში. მეორე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული იდეის და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის. ამ ყველაფერს ემსახურება ეს ღონისძიება და შესაბამისად, მას არ აქვს კავშირი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან და ბლოკირების მცდელობასთან“,- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას შეუძლია, საპროტესტო აქციები იქამდე გააგრძელოს, რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.
„ოპოზიციას აქვს ნებისმიერი დრო, რამდენ ხანსაც ჩათვლის საჭიროდ, გააგრძელოს საპროტესტო აქციები, ოღონდ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. მე კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოვუწოდო, პროტესტის ფორმები აირჩიოს ისე, რომ ეს არ გახდეს რაიმე პროვოკაციების თუ დაპირისპირების საფუძველი“,- განაცხადა თალაკვაძემ.