არჩილ თალაკაძე - მოვიგებთ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და საზოგადოება დაინახავს, რისი გამკეთებელია რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში
მერამდენედ ვხედავთ, რომ იმუქრებიან რიგგარეშე სხდომებით. მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და საზოგადოება დაინახავს, რისი გამკეთებელია რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციას წარმოადგენს.
„პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებული კომენტარები არის სპეკულაცია. გვახსოვს ყველას სხდომები, მათ შორის რიგგარეშე სხდომებიც და ოპოზიციური ადგილების ნახევარი ყოველთვის ცარიელია. დებატებში არის სუსტი მონაწილეობა და კენჭისყრებში ისინი არ ესწრებიან. ამიტომ მერამდენედ ვხედავთ, რომ იმუქრებიან რიგგარეშე სხდომებით. მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და მაგასაც დაინახავს საზოგადოება, რისი გამკეთებელია ეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, ისინი 7 თვე ატყუებდნენ თავიანთ მხარდაჭერებს, ვინც მათ მხარი დაუჭირა, საბოლოოდ უარი უთხრეს პარლამენტში შემოსვლაზე. რომ არა ის პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყო, ეს ხალხი პარლამენტში შემოსვლაზეც უარს ამბობდა, არათუ რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამ დროისთვის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.