არჩილ ქიქოძის რომანი „სამხრეთული სპილო“ აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა
თანამდროვე ქართველი ავტორის არჩილ ქიქოძის პირველი რომანი „სამხრეთული სპილო“ აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რომანი აზერბაიჯანულ ენაზე იმირ მემედლიმ თარგმნა.
„სამხრეთული სპილო“ გამარჯვებულია ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ნომინაციაში – წლის საუკეთესო რომანი. ასევე, მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.
წიგნში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები.
მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და „საბა“ (2014) მიენიჭა.
რომანი აზერბაიჯანულმა გამომცემლობამ Qanun Publishing House გამოსცა.
„სამხრეთული სპილო“ გერმანულ ენაზეც ითარგმნება და სექტემბერში გამოიცემა.