არჩილ მორჩილაძე - სტატისტიკის მიხედვით, საჩივრების განხილვის შემდეგ ძალიან ბევრი ექიმი გამართლდა
არჩილ მორჩილაძე - სტატისტიკის მიხედვით, საჩივრების განხილვის შემდეგ ძალიან ბევრი ექიმი გამართლდა

მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ უნდა, შეცდომა დაუშვას, რადგან განწყობით არავინ არ არის მოწოდებული, პაციენტს ყურადღება არ მიაქციოს, ან მითუმეტეს, არასწორი დიაგნოზი დაუსვას, – ამის შესახებ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„თუმცა, ასეთი შემთხვევები გვაქვს და კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთება შესაძლებელია, შეცდომა არასაკმარისმა ცოდნამ გამოიწვია თუ, ეს უბრალოდ, უყურადღებობა იყო. კარგი იქნება, თუ ყოველი შემთხვევის დროს, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ“, – განაცხადა მორჩილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გახშირდა პრეტენზიები მედპერსონალის მისამართით და რამდენად მასშტაბურია კვალიფიკაციის პრობლემა, არჩილ მორჩილაძემ განაცხადა, რომ პრობლემა აქტუალურია.

„ბოლო წლებში პროტესტის გამოხატვის შემთხვევები ძალიან გახშირდა და ვფიქრობ, გაშუქების რაოდენობამაც იმატა. რასაც ახლა ვამბობ, იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომებს და არასწორი მკურნალობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სტატისტიკით, საქმის განხილვის შემდეგ ძალიან ბევრი ექიმი გამართლდა. ხანდახან, თავიდანვე ცხადდება, რომ ექიმმა შეცდომა დაუშვა და პაციენტის გარდაცვალება სწორედ ამის გამო მოხდა, რასაც თან სდევს ხოლმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. საბოლოო ჯამში, დასკვნის მომზადებისას, ექსპერტზე ძალიან მძიმე ტვირთი ჰკიდია, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს, თავისი კოლეგა სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადოს თუ არა“, – განაცხადა მორჩილაძემ

მისი თქმით, ერთ კონკრეტულ შემთხვევას დასკვნას რამდენიმე ექსპერტი უკეთებს.

„ერთ ისტორიას დასკვნას რამდენიმე ასოციაციის ექსპერტი უკეთებს და თუ შესწავლის შედეგად გამოიკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა გულგრილობას, ან უხეშ გადაცდომას და სისხლის სამართლის დანაშაული მართლაც იკვეთება, პროკურატურას საქმე ამის შემდეგ უნდა გადაეცეს. მანამდე, ყველა ეს შემთხვევა პროფესიული ასოციაციების შიგნით განხილვის თემა უნდა გახდეს, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს, ამის პრევენცია მოხდეს და არა დაიმალოს. როცა ასეთი მოცემულობა დგას – ციხე, ან გამართლება, შესაძლოა, კოლეგიალობამ მართლაც იმუშაოს და ეს დასკვნა უბრალოდ, ობიექტური არ იყოს“, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.