არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო დახმარების ხარისხს ერთი ექიმი არ განსაზღვრავს, ეს მწყობრი სისტემაა
სამედიცინო დახმარების ხარისხს ერთი ექიმი არ განსაზღვრავს, ეს მწყობრი სისტემაა, – განაცხადა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მოამბის“ ჟურნალისტის, სოფო ზედელაშვილის შეკითხვაზე, როგორია სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკა და რამდენად შესაბამისია საქართველოში არსებული სისტემა, არჩილ მორჩილაძემ აღნიშნა, რომ ასეთი პარალელის გავლება რთულია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვეული სისტემა არსებობდეს. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, ეს იყოს გარკვეულ სტანდარტებთან ნებაყოფლობითი აკრედიტაცია. გარკვეულ კლინიკებს აქვთ მცდელობა, რაღაც სტანდარტები დანერგონ, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია და ძნელია, საერთაშორისო სტანდარტებს დაეყრდნო. ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როცა „მოამბის“ ერთ-ერთ რეპორტაჟში პაციენტის მშობელი ყვება, რომ მის შვილს წანაზარდი აღმოუჩინეს, რის შემდეგაც გაჩნდა რამდენიმე საეჭვო ვერსია, თუმცა გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს „საეჭვო“ წანაზარდი უბრალოდ, ელენთა იყო. შეკითხვაზე, რას უკავშირდება მსგავსი ფაქტები და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში პაციენტი, არჩილ მორჩილაძემ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ძალიან ბევრი იყოს.
„ეს შეიძლება იყოს აპარატურის გაუმართაობა, სპეციალისტის შეცდომა და ა.შ. აპარატურის გაუმართაობის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, პასუხი ექიმს უნდა მოეთხოვოს. თუ ის ხედავს, რომ აპარატი არ მუშაობს, ჩარევა არ უნდა განახორციელოს და დასკვნა არ უნდა დაწეროს. თუ აპარატურა გაუმართავია, ეს უკვე ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. ასეთ შემთხვევაში, მგონი ადმინისტრაციის დაჯარიმება ხდება. მერწმუნეთ, დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად, მსგავსი შემთხვევები ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს ნანახი“, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.