არჩილ მესტვირიშვილი - წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის კურსზე გავლენებს შეარბილებს
არჩილ მესტვირიშვილი - წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის კურსზე გავლენებს შეარბილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ბოლო სამ კვირაში უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს. სავალუტო კურსზე კი, გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები.

„შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება. ეს კი, ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს.

„პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს“, – აცხადებს არჩილ მესტვირიშივილი.

ამასთან, მისივე შეფასებით, დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.