არჩილ მესტვირიშვილი - სავალუტო ბაზარზე ბოლო ინტერვენციით პასუხი გავეცით მოლოდინს, რომ რეზერვი გვაქვს და როცა საჭირო იქნება, გამოვიყენებთ
სავალუტო ბაზარზე ბოლო ინტერვენციით პასუხი გავეცით მოლოდინს, რომ რეზერვი გვაქვს და როცა საჭირო იქნება, გამოვიყენებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის მხრიდან შესაძლო სავაჭრო ემბარგოს მოლოდინი იყო, რასაც გარკვეული საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. მესტვირიშვილის აზრით, აღნიშნულ მოლოდინს დაემატა სრულიად უსაფუძვლო მოლოდინიც, რომ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ინტერესში შედის. ამ ვარაუდის გასაბათილებლად, ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვიდან სავალუტო ბაზარზე 30 მილიონი დოლარი დახარჯა.
„რაც შეეხება ინტერვენციებს. დღეს ჩვენი სავალუტო რეზერვი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე გვაქვს. რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ ის სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ მინიმალურ მეტრიკას ჩამოსცდებოდა, მაგრამ ახლა მეტი გვაქვს. ამის გამოყენებას თავის დადებითი მხარეც აქვს და ნაკლიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ბოლოს რეზერვები გამოვიყენეთ, ის იყო, რომ არსებულ მოლოდინებს დაემატა ის მოლოდინიც, რომ ლარის კურსის გაუფასურება ეროვნული ბანკის ინტერესშია, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამის საპირწონედ გამოვიყენეთ რეზერვები. როდესაც არის ერთჯერადი ტრანზაქციები, რეზერვებს ამის გასანეიტრალებლად ვიყენებთ. მაშინაც იყო მცირე, მაგრამ გარკვეული ერთჯერადი ტრანზაქცია, თუმცა ძირითადი მაინც იყო პასუხის გაცემა მოლოდინზე, რომ რეზერვი გვაქვს და როცა საჭირო იქნება გამოვიყენებთ“, – განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.