საფინანსო სექტორი კრიზისს მომზადებული დახვდა, რაც ეკონომიკას დაეხმარება, რომ მიმდინარე კრიზისიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს. აღინიშნა, რომ დახმარების ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას მოხმარდება, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და კერძო სექტორის დახმარებას დააფინანსებს.
მესტვირიშვილის განმარტებით, საფინანსო სექტორი მდგრადია და კრიზისის გამოწვევებს მზად დახვდა.
„სექტორი რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას. ჩვენ გვაქვს ბანკები მაღალი კაპიტალიზაციით, კარგი ლიკვიდობით, სესხების ხარისხი საბანკო სექტორში კარგია, უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან სესხებთან შედარებით დაახლოებით სამი პროცენტი იყო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. შესაბამისად, ამ გამოწვევებს კარგად შევხვდით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი არის დოლარიზაცია. ესეც მცირდებოდა და აქაც კარგი ტრენდი გვქონდა. როცა ვსაუბრობთ ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებულ თანხებზე, აქაც მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის ნაწილიც იქნება ეროვნული ვალუტით. ამ შოკმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა დოლარიზაციის რისკები, რაზეც ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, ჩვენი სარეიტინგო სააგენტოებიც საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, რაც უფრო დაბალია დოლარიზაცია, მით უფრო მარტივად გადავიტანთ შოკს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ის ნაბიჯები, რაც მანამდე იყო გადადგმული და ზოგ შემთხვევაში მტკივნეული, ახლა ვხედავთ, რომ ამას თავისი შედეგები აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც დოლარიზაციის შემცირებაზე, ასევე დაკრედიტების მარეგულირებელ ჩარჩოზე“, -განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ცენტრალური ბანკის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით გადადგმული მკაცრი ნაბიჯების დადებით შედეგებს ქვეყანა დღეს იმკის. რაც შეეხება კრიზის გამო რეგულაციების შერბილებას, ეს მოსალოდნელი არ არის.
„ზოგადად შოკები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა. ამ კუთხით ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის, ისე მსესხებლების ნაწილში. ამისთვის იყო გადადგმული ის ნაბიჯები, მათ შორის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა ფიზიკური პირების დაკრედიტების სტანდარტები და ასევე თავად საბანკო სექტორის მდგომარეობა. როგორც წესი, ასეთი შოკების შემდეგ პირიქით რეგულაციების გამკაცრება ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, რადგან ჩვენ მანამდე გადავდგით ეს ნაბიჯი. როცა ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა რეგულაციებში, პრინციპი არ შეცვლილა, იგივეა. თუმცა ჩვენ მეტი მოქნილობა მივეცით საბანკო სექტორს, რომ მათ საკუთარი შემუშავებული მოდელებით განახორციელონ გადახდისუნარიანობის შეფასება. თუმცა ამ მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ შედეგი უნდა იყოს ისეთივე, როგორსაც ისინი მიიღებდნენ მაშინ, თუ გადახდისუნარიანობის შეფასება იმ მკაცრი კრიტერიუმებით მოხდებოდა, რაც მანამდე გვქონდა. ამიტომ ასეთი რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო კრიზისი დროს, არამედ კრიზისამდეც, რადგან თუ საბანკო სექტორი არის მდგარდი, მაშინ დაფინანსების წყაროები არის უფრო იაფი და სტაბილური. ის ყველა ნაბიჯი, რაც მანამდე გადავდგით, დღეს გვადგება, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რომ ფინანსური სექტორი არ იყოს ამ კრიზისის გამაღრმავებელი და პირიქით, ფინანსური სექტორი დაეხმაროს ეკონომიკას, მარტივად გამოვიდეთ აქედან“, – განუცხადა არჩილ მესტვირიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.